ჯუმათის თემი


ჯუმათის მონასტერი

სახელგანთქმული ჯუმათის ტაძარი ფრიად მნიშვნე-ლოვანია არქეოლოგიური თვალსაზრისითაც.
ტაძარი 1644 ფუტია ზღვის დონიდან და 18 ვერსითაა დაშორებული ოზურგეთიდან.

დიმიტრი ბაქრაძე წერს: ”ჩემს წინ გადაშლილიყო, ასე ვთქვათ, კავკასიის მთელი დასავლეთი ნაწილი: გიგანტური ცენტრალური ქედი ყველა მისი მარად ჭაღარა მწვერვალით იალბუზით დაწყებული და ყაზბეგით დამთავრებული,... ქვემოთ კიდე უფრო ცხადად ვხედავდი ენგურის ხობის, ტეხურის, ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს; აღმოსავლეთით ქართლ-იმერეთის დაბალ ქედს, სამხრეთით აჭარა ახალციხის ქედს. ხოლო მათ ქვემოთ გურიის მთელ ტალღოვან ზედაპირს, შემდეგ ბათუმის უბეს, შორს, ბათუმის იქით ტრაპიზონის სანახებს, ხოლო უფრო შორს, თეთრად შემოსილ პონტოს ანუ ლაზისტანის მთებს; დასავლეთით შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ ნაწილს, მისი კონცხებითა და ყურეებით და ახალი ზღვის პირა ქალაქ ფოთით და მის მეზობლად გადაშლილ პალიასტომს”.

ჯუმათის ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახლზეა აგებული. იგი ჯუმათის სამრევლო ეკლესიაა. ჯუმათის მონასტერი მდიდარი იყო ძვირფასი ხატებით. ვახუშტის ცნობით “ლანჩქუთის სამხრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად და სადაცა დასწყლების მთა ესე, არს ამ მთის მაღალს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი გუმბათიანი დიდშენი... ზის ეპისკოპოსი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონის შორისის ადგილთა”.
ჯუმათის ტაძარი მაღლობზე დგას და გარს ქვის გალავანი არტყია. გალავნის შესასვლელი დატანებულია ნახეთქი ქვით ნაშენ, ძველ, კვადრატულ სამრეკლოში, რომელსაც აქვს სარკმლიანი გუმბათი, კარი და ქვის კიბე. ეკლესია უგუმბათოა. სამხრეთის მხრიდან მოუმატებიათ ეკვდერი ღმრთისმშობლის სახელზე, დასავლეთით კი- ძველი კარიბჭე. იატაკი თლილი ქვისაა.
ჯუმათის ხატები მეტად ძვირფასია: წმიდა გიორგის ნაჭედი ხატი ოქროს მოჭედილობითა და რელიეფური გამოსახულებით. წარმოდგენილია მთელი ტანით, აცვია ჯაჭვის პერანგი, მარცხენა ხელში ფარი უპყრია, მარჯვენაში ლახვარი; მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი, ერთიანად ოქროთი მოჭედილი; გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი მიქაელის ხატის მსგავსი; მაცხოვრისა და მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ვერცხლის ხატი; საწინამძღვრო ჯვარი.

წარწერებში გურიის მთავრები იკითხებიან.
არის ვარაუდი, რომ ჯუმათის მონასტერი შემოქმედის მონასტერზე ძველია.

ჯუმათის მონასტერი ბევრჯერ გაძარცვეს მოყვრად მოსულმა მტრებმა, მაგრამ მან გაუძლო როგორც დროსა და ჟამს, ისე უკეთურთა მარჯვენას, კომუნისტურ რეჟიმს და დღეს მამათა მონასტერში ღმრთის სადიდებელი ლოცვა-ვედრება აღევლინება.

ჯუმათი გახლდათ გურიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამავე სახელწოდების საეპისკოპოსოს კათედრალური ცენტრი. იგი ოზურგეთიდან ჩრდილ-დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით. ტაძარი აღმართულია ჩოხატაურის ქედის ერთ-ერთ თხემზე, კერძოდ ჯუმათის მთაზე, რაც შესანიშნავ პანორამას უქმნის მონასტერს. ჯუმათის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს: `ლანჩხუთის სამხრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად და სადაც დასწყდების მთა ესე, არის ამ მთის მაღალს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათის, დიდი გუმბათიანი, დიდშენი, მჭურეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა, არამედ ზამთარი გაუსაძლისი და ზაფხული საამო, მშვენი, კეთილჰაეროვანი, ზის ეპისკოპოზი მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა~. ჯუმათის მონასტერი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. `იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო. ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები~. იგივეს მოგვითხრობს გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც 1772 წელს იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში. იგი გვამცნობს: `შემოქმედის მონასტრის გარდა მნიშვნელოვანი ადგილები გურიაში არის ჯუმალი (ჯუმათი თ.ქ) და ხინო~. ჯუმათის ეკლესია აქაურ მწყემსმთავართა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა, ხოლო საზამთრო რეზიდენცია მდ. სუფსის პირას მდებარე სოფ. ბოგირი იყო, როგორც ჩანს ზამთარში უგზოობისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი იყო ეპისკოპოსთა ჯუმათში ცხოვრება, ამიტომ ისინი ბარში ინაცვლებდნენ.
ჯუმათის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მოიცავს: ეკლესიას, გალავანს და კარიბჭე სამრეკლოს, რომელიც გალავნის კედლებშია ჩართული.
ჯუმათელ ეპისკოპოსთა რეზიდენცია იყო მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე აგებული უგუმბათო ეკლესია.
ჯუმათის მონასტერი მძლავრ ფეოდალურ ერთეულს წარმოადგენდა. იგი ფლობდა საკმაოდ მდიდარ მამულებს გურიის სამთავროს სხვადასხვა კუთხეში: ჩიბათში, ჩოჩხათში, შუხუთში, აკეთში, ლანჩხუთში, ასკანასა და გურაიმთაში. საკუთრივ მონასტერი მოიცავდა შემდეგ ტერიტორიას. მარჯვნივ საზღვრავდა ლესის წყალი, მდინარე ფიჩორი პალიასტომის ტბამდე, მარცხნივ კი მდინარე რუხმელა და მდინარე სუფსა, ვიდრე შავ ზღვამდე.
ჯუმათის მონასტერი მძლავრ კულტურულ-მწიგნობრულ კერას წარმოადგენდა. აქ გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. აქვე ყოფილა დაცული ოქრომჭედლობის შესანიშვანი ნიმუშები. დ. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ `ჯუმათში ხატები ცოტაა, მაგარამ ფრიად ძვირფასი~. ჯუმათის მონასტერში ინახება მე-XI საუკუნის ვარდან ვარდანისძის მიერი შეწირული წმიდა გიორგის ოქროს ხატი. იგი დიდათ იყო სახელგანთქმული მთელ გურიაში თავისი ძალითა და შემწეობით.
ჯუმათის მონასტრის განძეულობის უმრავლესობა დაკაგულია. ნაწილი უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, ნაწილი _ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
ჯუმათის ეპარქიაში კათედრალური ცენტრის გარდა 35 ეკლესია-მონასტერი არსებობდა.

ჯუმათის მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარია იღუმენი მიქაელი (მიგინეიშვიli)

              


                                        თემში არსებული სიტუაციის აღწერა:
   სოფელი ჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთერთი მაღალმთიანი სოფელია, რომელიც რაიონული ცენტრიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული. სოფლის სახელწოდება წარმოდგება სიტყვისაგან “ჯუმ” რაც მეგრულიდან საძმოს ნიშნავს. ჯუმათი ისტორიული მნიშვნელობის მქონე სოფელია. ის გურიის ერთერთი უძველესი საგანმანათლებლო კერა იყო.. აქ მდებარეობს ჯუმათის მონასტერი რომელიც IX-XIსს. ძეგლია, ჯუმათის ტაძარი “მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების” სახელობისაა.
    ჯუმათის  მოსახლეობა შეადგენს 450 კომლს, 1945 ადამიანს. ჯუმათის თემი შედგება 4 სოფლისგან. (ახალი ტერიტორიული დაყოფის მიხედვით) ჯუმათი ბოგილი, შუშანდარი და იანეთი. ჯუმათი განლაგებულია ზღვის დონიდან 425 მეტრზე. სოფელში საკმაოდ მოიპოვება ისეთი  ბუნებრივი რესურსები როგორიცაა: საშენი მასალა, ხე-ტყე და ქვიშა. ასევე არის სამკურნალო გოგირდიანი წყალი. მოსახლეობა ძირითადად თვითდასაქმებულია. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებითა და  რეალიზაციით. სოფელში ხარობს ციტრუსი, თხილი და მარცვლოვანი კულტურები. ასევე გავრცელებულია მესაქონლეობაც. სწორედ ეს წარმოადგენს მოსახლეობის ძირითად შემოსავლებსაც.
  სოფელში დღეისათვის ფუნქციონირებს ჯუმათის საჯარო სკოლა, ამბულატორია, ჩვენი პროექტით შექმნილი სამკერვალო და ხელსაქმის შემსწავლელი კურსები, ასევე ჩვენი პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული სოფლის ბიბლიოთეკა, ჩვენი ახალგაზრდული ცენტრი და სოფლის თვითმმართველობის ორგანო (როგორც ხედავთ ამ ექვსი ობიექტიდან სამი ჩვენი ძალისხმევით არის შექმნილი.)
   თემში არ ფუნქციონირებს მცირე  საწარმოები, არ არის განვითარებული და ათვისებული სოფლის მეურნეობის დარგები, არ არის საკმარისი მექანიზაცია ხვნა თესვისა თუ სახვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, აქედან გამომდინარე ძალიან დაბალია მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელი დასაქმებულია სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 2 %. საჯარო სკოლაში და თვითმმართველობის ორგანოში.  უმუშევრობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაბალი ფასების გამო მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
    მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გარდა სოფელში უამრავი პრობლემაა  გაუმართავი  ინფრასტრუქტურის მხრივ. თითქმის არ არსებობს, დანგრეულია შიდა ხიდები და შიდა გზები, არც ერთ უბანს არ მიეწოდება სასმელი წყალი, ზოგიერთ უბანში არ არსებობს გარე განათებები, მწყობრიდან გამოსულია ელექტრო გადამცემი ბოძები.  ჯერ კიდევ საერთო გამრიცხველიანებაა. არ არსებობს საბავშვო ბაღი და არსებობს უამრავი სხვა პრობლემა რაც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ვერ მოხვდა.
   მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიღება, რადგანაც სოფელში არ არსებობს არც ერთი ინტერნეტიზირებული დაწესებულება და ენების შემსწავლელი კურსები.
  ასევე პრობლემურია მოსახლეობას და თმ-ს შორის კომუნიკაციის საშუალებები. ძირითადად თავის პრობლემებით თმ-ში  მისული მოსახლეობა მიდის დაუკმაყო
ფილებელი. ამის მიზეზად თმ-ს შეზღუდული და გადაწყვეტილების მიღების არასაკმარისი უფლებები სახელდება. ასევე ნაკლებად ფლობენ მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციას. არ ხდება მოსახლეობასთან თმ-ს წარმომადგენლების ხშირი შეხვედრები, რომლებიც ატარებს ინფორმაციულ და საანგარიშო ხასიათს. აქედან გამომდინარე მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია თავის უფლებებზე და თემში განსახორციელებელ საქმიანობებზე. ეს სიტუაცია კი ქმნის მოსახლეობის ზერელე დამოკიდებულებას პრობლემების მიმართ, რადგანაც თვლიან, რომ რაც არ უნდა თქვან და მოითხოვონ მათ აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და არ დააკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე ძალიან დაბალია მოსახლეობის აქტივობაც და სურვილიც მათი ჩართულობისა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
          


                    

No comments:

Post a Comment